"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე "რუსთავს 2"-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა, რომელში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ფიგურირებს.
აუდიომასალის მიხედვით, სავარაუდოდ, გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით საუბრობს და ასევე, ოპოზიციას პარაზიტებად მოიხსენიებს.
მამუკა მდინარაძის შეფასებით, აღნიშნულმა აუდიოჩანაწერმა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს სერიოზული დარტყმა მიაყენა:
"გუშინდელი ჩანაწერის ათასგვარი ინტერპრეტაცია მოვისმინე და წავიკითხე. რეალურად, ამ ჩანაწერით მელიამ სააკაშვილის ფლანგი თავიანთ საერთო პატრონებთან და დავალების მიმცემებთან ჩაუშვა და მტკიცებულებაც დაუდო, ესენი რუსულ ინტერესებსაც ითვალისწინებენ დღემდე და ხანდახან მათი აზრი დასავლეთის აზრზე უფრო აინტერესებთო. ამავე დროს, თავიანთ ისედაც იმედგაცრუებულ მომხრეებშიც ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა და თავისი გინების გამართლება და გადაფარვაც სცადა. რეალობა ეს არის და შეთქმულების თეორიების გამოგონება ამ ამბავს არ სჭირდება. მართლა საოცარი ხალხია, რისი დატრიალებაც ქვეყანაში სურდათ, საკუთარ ჩამოშლილ პარტიაში დაატრიალეს", - ამბობს მდინარაძე.
ცნობისთვის, 11 იანვარს "რუსთავი 2"-მა უკანონო ფარული აუდიომასალა გაავრცელა, რომელშიც სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ფიგურირებს და რომელიც სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდეა ჩაწერილი.
წუთნახევრიან მასალაში, გიული ალასანია საუბრობს, რომ მას არ სურს, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა.
ასევე, ალასანია საუბრობს ოპოზიციაზე. მათ ბუნებით პარაზიტებს უწოდებს და ამბობს, რომ ისინი მუდამ მისი შვილის ხარჯზე იყვნენ.
აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით გიული ალასანიამ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავსი საუბარი არ ყოფილა.
"არ ვადასტურებ არანაირად. ასეთი ფაქტი არ ყოფილა. არ მაინტერესებს ეს საკითხი, რადგან გამორიცხულია, რაც მოვისმინე ჟურნალისტებისგან. თურმე, ნუ იტყვი და ლამის რუსეთის აგენტები ვართ მე და ჩემი შვილი, იმიტომ შემოვარდნენ 2008-ში და მერე იმიტომ იმუქრებოდა პუტინი, რომ ერთი ადგილით დაკიდებდა? იმიტომ ხდებოდა ეს ყველაფერი?
რამდენადაც მითხრეს, ეს ორი წლის წინ მოხდა, ახლა რატომ გაახსენდათ, რადგან პროცესები მიდის, რომ ავნონ ახლა ჩემს შვილს? არც მომისმენია, არც მინდა, არც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო ბუნებაში ასეთი რამე. და დღეს რატომ, კიდეც რომ ყოფილიყო... გახარია საერთოდ აღარ მახსოვს, რაზეა ლაპარაკი..." - განაცხადა გიული ალასანიამ.