ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატმა სოზარ სუბარმა გააკეთა.
"როდესაც 300 ევროპარლამენტარი აბსურდულ რეზოლუციას აწერს ხელს, საერთო სურათი და მიზანი დღესავით ნათელია. საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე არავინ მიანიჭებს, თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა, რაც ასევე ომისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა. სრულიად უპრეცედენტო ექვსთვიანი ვადაც იმისათვის არის მოგონილი, რომ ქვეყანაში საზოგადოების ნაწილის მღელვარება არ ჩაცხრეს. თუ უკრაინა და მოლდოვა 30-წლიან "მოსაცდელში" შეუშვეს, საქართველოს არც ამ "მოსაცდელში" შეუშვებენ, რათა გრძელვადიანმა რევოლუციურმა სცენარმა აქტუალობა შეინარჩუნოს. ჩვენი მთავარი მიზანი, იმ სცენარის პრევენციაა, რომელმაც საქართველო არეულობამდე, ომამდე და რუსულ სამხედრო ოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს. საქართველო ახალ არეულობასა და ომს ვერ გადაიტანს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მაღალი პასუხისმგებლობით. თუ საზოგადოება არ აღიჭურვება საჭირო სიმართლით, ის თავად გახდება არეულობისა და ომის სცენარის ნაწილი, რაც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას სამუდამოდ შეუძლებელს გახდის. ჩვენ, უნდა აღვჭურვოთ საზოგადოება სიმართლით, რათა ის თავად გახდეს საქართველოს ევროპული მომავლის გარანტი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.