პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ გერმანიამ უარი თქვა Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემის უკრაინისათვის გადაცემაზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
საუბარია გერმანიის მიერ პოლონეთისთვის დაპირებულ Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემაზე, რომლის უკრაინისთვის გადაცემის სურვილი თავად პოლონეთმა გამოთქვა, თუმცა ამისთვის გერმანიის მხარის თანხმობა იყო საჭირო.
როგორც ბლაშჩაკმა Twitter-ზე დაწერა, ის აღნიშნულ საკითხზე გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ესაუბრა.
"გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ, იმედგაცრუებული დავრჩი უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმის გადაწყვეტილებით. დასავლეთ უკრაინაში Patriot-ის განლაგება გაზრდიდა პოლონელებისა და უკრაინელების უსაფრთხოებას. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ მზადებას გამშვები საშუალებების პოლონეთის ტერიტორიაზე განლაგებისთვის", - დაწერა მან Twitter-ზე.