24.11.2024 | 19:28
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ალეკო ელისაშვილი: "კასიანოვი ყოველ ჯერზე ახალ-ახალ მავნებლობას იგონებს - უკრაინის ხელისუფლებას მოვუწოდებ, ეს კაცი გამოცვალონ და ისეთი ელჩი დანიშნონ, ვინც ასეთ მავნებლობას არ გააკეთებს"

კასიანოვი ყოველ ჯერზე ახალ-ახალ მავნებლობას იგონებს - ასეთი მავნებლობა საგანგებოდ უნდა მოიფიქრო, ასეთ რამეს რუსული სპეცსამსახურები იგონებენ, - ამის შესახებ "მოქალაქეების" დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, შთაბეჭდილება რჩება, რომ კასიანოვს თავის თავზე აღებული აქვს მისია, ქართულ-უკრაინული ურთიერთობა კიდევ უფრო გააფუჭოს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. ელისაშვილის შეფასებით, "კასიანოვი საგანგებოდ იგონებს თემებს, თუ რით შეიძლება ცეცხლზე ნავთი კიდევ უფრო დაასხას უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე".

"კასიანოვი მავნებლობს და ყოველ ჯერზე ახალ-ახალ მავნებლობას იგონებს. "ბუკი"-ის გადაცემიდან დაწყებული, ახლა ევაკუაციით დამთავრებული. არაერთ უკრაინელთან, მათ შორის, უკრაინელ ბავშვებთან მე თვითონ მაქვს შეხება და ისინი დაცულები არიან მას შემდეგ, რაც ყირიმიდან წამოიყვანეს, აქ არიან ბედნიერები და თავს ევლება ყველა.

უკრაინის ხელისუფლებას მოვუწოდებ, ეს კაცი გამოცვალონ და ისეთი ელჩი დანიშნონ, ვინც ასეთ მავნებლობას არ გააკეთებს. არ ვიცი, რატომ აკეთებს, რა დავალება აქვს, მაგრამ რუსეთს რომ გაუხარდება, ასეთ რაღაცებს აკეთებს. ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში ასი ათასი რუსია, მაგრამ რომელიმე უკრაინელს რაიმე პრობლემა შეექმნა ამის გამო?! ერთი ღერი თმა მაინც ვინმეს ჩამოუვარდა?! მიუხედავად იმისა, რომ ფრენების აღდგენის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და რუსეთთან ნებისმიერი კავშირის, ასეთი განცხადება, ასეთი მავნებლობა საგანგებოდ უნდა მოიფიქრო, ასეთ რამეს რუსული სპეცსამსახურები იგონებენ და ამ კაცს რა სჭირს? სწორია, რომ საგარეოში დაიბარეს და გააკეთოს განმარტებები,"- განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა უკრაინულ გამოცემა "ევროპეისკაია პრავდა"-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში უკრაინის საელჩო არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას, "თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და რუსების მასიურად შემოდინების შემთხვევაში". ამ განცხადების გამო კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებისთვის დაიბარეს.

დღის გადაცემები