აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ადგილობრივი ტელევიზიების წარმომადგენლებს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესახებაც ისაუბრა.
მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად აზერბაიჯანმა საქართველოს 775 მილიონი დოლარის სესხი გამოუყო.
"ხუთი წლის წინ გავხსენით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენც ვიყავით ამ პროექტის ინიციატორები და მის განხორციელებას დიდი დრო დასჭირდა, რადგან იყო პოლიტიკური სირთულეებიც. ზოგიერთი დასავლური ქვეყანა ამ პროექტს ეწინააღმდეგებოდა და სერიოზულ დაბრკოლებებს აყენებდა. მიზეზი ის იყო, რომ ეს პროექტი სომხეთის გვერდის ავლით მუშაობდა, ანუ პროსომხური განწყობები ამ პროექტის განხორციელებაშიც გამოიხატა და ჩვენ დავკარგეთ რამდენიმე წელი.
კიდევ ერთი პრობლემა ფინანსების ნაკლებობას უკავშირდებოდა, რადგან ამ პროექტში ინვესტიციის მსურველი არ იყო. ჩვენი მიმართვები საერთაშორისო ფინანსურმა სტრუქტურებმა უპასუხოდ დატოვეს. მარტივად რომ ვთქვათ, ნავთობიდან პირველი შემოსავლების მიღების შემდეგ ჩვენ თვითონ გამოვყავით დიდი თანხები ამ პროექტისთვის. მოგეხსენებათ, საქართველოსთვის 775 მილიონი დოლარის სესხი გაიცა და პროექტი განხორციელდა. ამჟამად ამ პროექტის გაფართოების პროცესში ვართ. ამ რკინიგზის გამტარუნარიანობას დღევანდელი 1 მილიონიდან 5 მილიონ ტონამდე გავზრდით, მაგრამ ესეც არ იქნება საკმარისი“, - განაცხადა ალიევმა.