24.11.2024 | 19:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თურქეთის ელჩი: "თურქეთში მყოფი ქართველი მაშველები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ - ვამაყობ, რომ ვარ ელჩი ისეთ ქვეყანაში, რომელსაც ასე ძალიან უყვარს თურქეთი"

მიწისძვრის შემდეგ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. საქართველოდან თურქეთში სამძებრო-სამაშველო სამსახურის 100 თანამშრომელი გვყავს. ისინი ადიამანის პროვინციაში არიან განთავსებული და ასევე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. როგორც ვიცი, საქართველოს მაშველთა ჯგუფმა ორი ადამიანი გადაარჩინა, ნანგრევებიდან ამოიყვანა, - ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ალი ქაან ორბაიმ განაცხადა.

მისი თქმით, მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი იზრდება და ამჟამად გარდაცვლილთა რაოდენობა თითქმის 13 000-ია, ასევე დაშავებულია 62 000 ადამიანი და განადგურებულია 6 000-ზე მეტი სახლი.

"მობილიზებული გვაქვს მთელი ჩვენი რესურსი თურქეთში და ასევე მივიღეთ დახმარება საერთაშორისო საზოგადოებისგან. საქართველო იყო იმ პირველ ქვეყნებს შორის, რომელმაც ჩვენს მოწოდებაზე რეაგირება მოახდინა. მჭიდრო კონტაქტში ვიმყოფები საგარეო საქმეთა მინისტრთან. ჩემთვის ცნობილია, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირადად უწევს კოორდინირებას დახმარების მცდელობას. დიდ მზრუნველობას იჩენს ქართველი ხალხი. მსურს ვთქვა, ამაყი ვარ იმით, რომ ვარ ელჩი ქვეყანაში, რომელსაც ასე ძალიან უყვარს თურქეთი.

საქართველოს მთავრობა ორგანიზებას უწევს მატერიალურ დახმარებას. ძალიან ამაყები ვართ იმის ხილვით, რომ ქართველი პოლიტიკოსები, ხელისუფლების წარმომადგენლები, პრეზიდენტი იმყოფებოდნენ საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერის გასაკეთებლად. ეს მატერიალურ დახმარებასთან ერთად ემოციურ მხარდაჭერასაც გვაძლევს ჩვენი ახლო მეზობლისგან, ჩვენი პარტნიორისგან, ჩვენი მეგობრისგან, ჩვენი ძმისგან, სტრატეგიული პარტნიორისგან - საქართველოსგან. საქართველოს პარლამენტში სესიის დროს წუთიერი დუმილი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და საქართველოს მხრიდან სოლიდარობისა და მეგობრობის ნამდვილი გამოხატვა იყო", - აღნიშნა ელჩმა.

დღის გადაცემები