"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების ერთი წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ის აღნიშნავს, ერთი წლის წინ უკრაინას უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს, რასაც უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა.
"ზუსტად ერთი წლის წინ უკრაინას უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს, რასაც უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა! ომის შედეგად დაიღუპა ათი ათასობით უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი, მათ შორის, რაც განსაკუთრებით მტკივნეულია 450-ზე მეტი ბავშვი. ლტოლვილად და დევნილად იქცა 16 მილიონი უკრაინელი. ომმა გაანადგურა უკრაინის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა.
ომის დაწყებამდე ვამბობდით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ამ ომის არდასაშვებად და უდიდესი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გაეკეთებინა. თუმცა, სამწუხაროდ, რუსეთის სამხედრო აგრესია მაინც შედგა.
უკრაინელი სამხედროები და მოხალისეები გმირულად იბრძვიან საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის! ქედს ვიხრი მათი გმირობისა და თავდადების წინაშე! ჩვენ მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ დამოუკიდებლობას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას! Слава Україні!", - წერს კობახიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსეთის შეჭრას უკრაინის ტერიტორიაზე წინ უძღოდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ 2022 წლის 21 თებერვალს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ე.წ.ავტონომიურ რესპუბლიკებად გამოცხადება.