ვიღაცები ცდილობენ, უცხოელებმა რაღაც გვითხრან და მათ ჭკუაზე ვიცხოვროთ, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო სხვისი დღის წესრიგით ვერასდროს იცხოვრებს.
"ვიღაცები ცდილობენ, უცხოელებმა რაღაც გვითხრან და მათ ჭკუაზე ვიცხოვროთ. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, ნებისმიერ ქვეყანაში უნდა გატარდეს იმ ერის ინტერესები, ვინც იქ ცხოვრობს. დანარჩენი, ჩვენ სხვისი დღის წესრიგით ვერასდროს ვიცხოვრებთ ისევე, როგორც სხვა ქვეყნებს აქვთ თავისი დღის წესრიგი. ჩვენ არ შეიძლება ვინმეს დავაწესებინოთ, მითუმეტეს, ქრისტეს, ღვთისმშობლის ერი ვართ. წმინდა ნინო არის ჩვენი დედა. ვინ უნდა გვასწავლოს დღეს, რა უნდა გავაკეთოთ და რა არა. მთავარია, ერთმანეთი შევიყვაროთ, არ დავჭამოთ. იმის იმედი ნუ ექნებათ, რომ ვიღაც რაღაც სიას შეადგენს. საქართველოსთან ურთიერთობა თუ უნდათ, ჩვენც გვინდა მსოფლიოსთან ურთიერთობა. ერთმანეთთან ლაპარაკი ყველამ უნდა ვისწავლოთ. თუ შეცდომები გვაქვს, დავსხდეთ და წყნარად ვილაპარაკოთ. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა და თვითონ გვჭირდება თავდაცვის საშუალებები. ჩვენ თავს არასდროს არავის ვესხმით. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გავაძლიეროთ", - განაცხადა მეუფე იაკობმა.