"ვითომ ჩვენი კეთილმოსურნენი, საქართველოს ხელისუფლებას, სხვადასხვა ფორმითა და მეთოდით, წინასწარ წაგებულ ომში ჩართვას აიძულებენ. ასეთი ომის თავიდან აცილება არის სწორედ ვაჟკაცობა და პატრიოტიზმი და არა პირიქით", – წერს "ფეისბუკის" გვერდზე არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.
კაკაბაძე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმიანება მათ შორის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს.
"ომი გვინდა თუ მშვიდობა? მიშა არ ჭამს თუ ვერ ჭამს?
ჟურნალისტები და პოლიტიკური აქტორები ცდილობენ იმის მტკიცებას, თითქოს საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭების საკითხს ეს ორი მთავარი პრობლემა განსაზღვრავს.
დღეს ეს არის ყველაზე აქტუალური კითხვები, რომლებზეც იგება საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგი.
ქართველ ოპოზიციონერთა შორის პირდაპირ არავინ აცხადებს- საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმის შემთხვევაში ჩვენ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსსო.
მიუხედავად ამისა, არ ჩერდება მოთხოვნები, რომ ჩვენმა ქვეყანამ აუცილებლად მიაწოდოს იარაღი და საბრძოლო მასალა უკრაინას, მოახდინოს ქართველი მებრძოლების ლეგიტიმაცია, შეწყვიტოს ყველანაირი ეკონომიკური კავშირი რუსეთთან და ა. შ. რაც ნიშნავს არაპირდაპირ პროვოცირებას, ჩაგვრთონ წინასწარ წაგებულ ომში.
როდესაც მათ ეკითხები, ცხინვალში ან აფხაზეთში განთავსებული რამდენიმე ათეული ტანკი და ასეული მებრძოლი რომ შემოვიდეს ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ? – უნდა მიმართოს გაეროს, ნატოს, ევროკავშირს და მოითხოვოს ამ ყველაფრის დაგმობა, თუ შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიოს მტერს? ალბათ იტყვიან, ერთიც უნდა გააკეთოს და მეორეცო, რადგან ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლება ვალდებულია ყველა საშუალებით გაუწიოს წინააღმდეგობა მის საზღვრებში შემოჭრილ უცხო ქვეყნის სამხედრო ძალებსო.
თეორიულად ყველაფერი მარტივია, როცა მძიმე შედეგის დადგომის შემდეგ პასუხი შენ არ მოგეთხოვება არც ქმედებაზე და არც მცდარ და ქვეყნისთვის დამაზიანებელი თეორიის ქადაგებაზე.
ამიტომაც ცხელი თავები ასე ადვილად განსჯიან ომის და მშვიდობის საკითხს.
მოაზროვნეთათვის და ქვეყანაზე მოფიქრალთათვის მნიშვნელოვანია რა იქნება შედეგი. რამდენ დღეში თუ კვირაში დაიკავებს რუსული არმია საქართველოს მთელ (ან უმრავლეს) ტერიტორიას.
გასაგები მიზეზების გამო, სასწრაფო წესით მოწოდებული შეიარაღებითაც ვერ შევძლებთ რუსეთისათვის ისეთი წინააღმდეგობის გაწევას, რომელიც საბოლოოდ ომის წაგებითა და ჩვენი ქვეყნის განადგურებით არ დასრულდება.
პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა ისეთი ომის წარმოებაა, სადაც გამარჯვების მინიმალური შანსი არსებობს, თორემ წინასწარ წასაგებად და დიდი მსხვერპლისთვის განწირულ ომში ჩაბმა, ან პროვოკაციაა ან სიბრიყვე.
ჩვენთან მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში მოგებული ბევრი იქნება (ევროპაც, აშშ-ც, უკრაინაც და რუსეთიც), ხოლო წაგებული და დამარცხებული კი მხოლოდ ერთი- საქართველო.
ვიღაცეები ამბობენ, უკრაინა რომ ომობს, ამიტომაცაა ის ყველაზე ახლოს ევროკავშირთან, თორემ სად არის ამ ქვეყანაში დემოკრატიაო. იომოს საქართველომ და მასაც ტაშს დაუკრავს ევროპაც და ამერიკაცო.
ჩვენთვის ევროკავშირში ყოფნა არა მიზანი, არამედ საშუალებაა უკეთესი ცხოვრების მისაღწევად.
რა თავში ვიხლით ნებისმიერ კავშირში გაწევრიანებას, თუ ის ჩვენს ქვეყანას დაანგრევს და გაანადგურებს?
დაახლოებით ამ პრიზმაში განიხილავენ ზოგიერთები სააკაშვილის არ ჭამა-ვერ ჭამის საკითხს და აქედან გამომდინარე, ევროკავშირთან დაახლოებასა თუ დაშორებას.
სააკაშვილისათვის სასჯელის აცილების მიზნით, მილიონად დაქირავებული ლობისტების სტრატეგია, მიშას ჯანმრთელობის გაურესებაზე გადის.
ყოფილი პრეზიდენტის მიერ არჩეული ტაქტიკური სვლები სწორედ ამაზე მიუთითებს.
თმააჩეჩილი, წვერგაუპარსავი, პირდაუბანელი სააკაშვილის წარდგენა საზოგადოების წინაშე, სიმულაციური გულისწასვლები და გულისრევები (რომლის შემსწრე არავინ ყოფილა) გარკვეულ ეფექტებს ახდენს, როგორც ქართველი ნაცსექტანტების აქტივისტებზე, ისე საქმეში ჩაუხედავი ზოგიერთი დასავლელი ობივატელის "სათუთ" გრძნობებზეც.
ლობისტების სტრატეგიამ სასურველი შედეგები ვერ დადო", – აღნიშნავს კაკაბაძე.
დღის სიახლეები
ნანა კაკაბაძე: “არ ჩერდება მოთხოვნები, რომ ჩვენმა ქვეყანამ აუცილებლად მიაწოდოს იარაღი უკრაინას, რაც ნიშნავს არაპირდაპირ პროვოცირებას, ჩაგვრთონ წინასწარ წაგებულ ომში”
მსგავსი
19.04.2023 / 11:38
ქართველები სუდანში - საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეების დახმარებას აგრძელებს
18.04.2023 / 13:39
მიქაუტაძე "მეცს" საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში გადასვლაში დაეხმარება
04.04.2023 / 15:46
ბელგიის პოლიციამ ბრიუსელში, "ევროპის სახალხო პარტიის" სათავო ოფისში რეიდი ჩაატარა
დღის გადაცემები