უკრაინის ცალკეული თანამდებობის პირების მხრიდან კრიტიკა გრძელდება. ამჯერად ომში მყოფი ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი საქართველოს პრეზიდენტს Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუს უწუნებს.
ოლექსეი დანილოვი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას უკრაინელი ხალხის ხარჯზე სურს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება. უკრაინელი თანამდებობის პირი მიხეილ სააკაშვილის შესახებაც საუბრობს.
"ერთი მხრივ, საქართველოს ხელისუფლებას სურს, უკრაინელების ხარჯზე დაიბრუნოს საკუთარი მიწები, მეორე მხრივ კი, სააკაშვილის სახით, უკრაინის მოქალაქეებს იგდებენ აბუჩად, რაც დაუშვებელია", - აცხადებს დანილოვი.
Bloomberg-თან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მომავალ სამშვიდობო შეთანხმებაში, რომელსაც უკრაინა და რუსეთი გააფორმებენ, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაც უნდა იყოს გათვალისწინებული. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს საკითხი ასევე უნდა იყოს განხილვის საგანი, ვინაიდან არავინ უნდა იფიქროს, რომ ეს ომი შეიძლება დასრულდეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლების გარეშე.