თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკს მამუკა სეფიაშვილს, რომელიც თურქეთის ქალაქებში - ადიამანსა და ანთაქიაში მომხდარი მიწისძვრის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ ქართულ სამაშველო ჯგუფს ხელმძღვანელობდა, სპეციალური ჯილდო - "უმაღლესი თავდადების ორდენი" გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქალაქ ანკარაში, პრეზიდენტის სასახლეში, თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) მიერ ორგანიზებულ სპეციალურ ღონისძიებაზე, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ ყველა ქვეყნის სამაშველო ჯგუფის ლიდერს სპეციალური ორდენი და მადლობის სიგელი გადასცა.
"პრეზიდენტმა ერდოღანმა სამაშველო ოპერაციაში ჩართულ მაშველებს გაწეული დახმარებისა და თავდადებისთვის მადლობა პირადად გადაუხადა. ქართული სამაშველო ჯგუფი თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კატასტროფის პირველივე დღეს გაემგზავრა და ჯამში 200-მდე მაშველმა სამაშველო მისია 18 დღის განმავლობაში ორ ქალაქში შეასრულა",-აღნიშნულია ინფორმაციაში.