რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველო ე.წ. 3+3 ფორმატის მონაწილედაა განხილული.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ "მოსკოვის მიზანი სამხრეთ კავკასიის სტაბილურობა და განვითარებაა", რისთვისაც ე.წ. 3+3 საკონსულტაციო პლატფორმის გააქტიურება მნიშვნელოვანია.
"ამიერკავკასიის რესპუბლიკებს გვაკავშირებს საერთო ისტორია, სულიერი და კულტურული ნათესაობა, ხალხებს შორის მეგობრული კავშირები. რუსეთი, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება სამხრეთ კავკასიას, დაინტერესებულია ამ რეგიონის სტაბილურობითა და კეთილდღეობით, მისი ლოგისტიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების და ტექნოლოგიური შესაძლებლობების ურთიერთსასარგებლო გამოყენებითა და განვითარებით. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენი დიპლომატია მიზნად ისახავს.
ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ კონსტრუქციული ურთიერთქმედება ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს პირდაპირ თანაბარ დიალოგს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის.
ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ 2021 წლის დეკემბერში დაწყებული 3+3 საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის მუშაობას (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ასევე რუსეთი, ირანი და თურქეთი). ეს არის პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც იგეგმება რეგიონული მოთამაშეების ინტერესებიდან გამომდინარე თანამშრომლობის გაძლიერების პრაქტიკულ საკითხებზე ფოკუსირება", - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.