24.11.2024 | 19:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საქართველოს იუსტიციის და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრები ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის ახალ ფორმებზე შეთანხმდნენ

საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძესა და კორეის რესპუბლიკის შს და უსაფრთხოების მინისტრს, სანგ-მინ ლის შორის შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის გამოცდილება ციფრული მმართველობის სფეროში. ამასთან, განხილვის თემა იყო ეფექტიანი სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხები.

"იუსტიციის სამინისტრო, ერთი მხრივ, პასუხისმგებელია ქვეყანაში სახელმწიფო სერვისების განვითარებაზე, ამასთანავე, ჩვენ ვახდენთ ამ მიმართულებით სახელმწიფოს რეფორმებისა და მიღწევების ექსპორტს. ამჯერად ჩვენ ვუმასპინძლეთ კორეის რესპუბლიკის დელეგაციას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას საჯარო სერვისების მიწოდების საკითხებში, განსაკუთრებით, ციფრული სერვისების მიმართულებით. ვიზიტის ფარგლებში კორეის დელეგაცია აგრეთვე ეწვია და ადგილზე გაეცნო იუსტიციის სახლის და ციფრული მმართველობის სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას. იუსტიციის სამინისტრო კვლავაც გააგრძელებს ჩვენი მიღწევების ექსპორტს პარტნიორ სახელმწიფოებში", - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა.

ამასთან, შეხვედრაზე განიხილეს კორეული მხარის ინიციატივა კორეა-საქართველოს ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრის დაფუძნების თაობაზე და მემორანდუმის გაფორმების საკითხი ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის ციფრული მმართველობის საკითხებზე საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კორეის რესპუბლიკის დელეგაცია თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს, რომელიც UNDP-ის, კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს, ეროვნული ინფორმაციული საზოგადოების სააგენტოს (National Information Society Agency (NIA)), ასტანის სამოქალაქო სერვისების ჰაბის, მსოფლიო ბანკის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს ერთობლივი ჩართულობით ტარდება.

დღის გადაცემები