საქსტატის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 38% განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს.
გარდა ამისა, კვლევამ დაადგინა, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვების 28% არ დადის საბავშვო ბაღში, რისი მიზეზიც ზოგ სოფელში ბაღების არარსებობა და ბავშვის მომლოდინეთა სიაში მოთავსებაა.
როგორც „იუნისეფში“ აცხადებენ, სასკოლო პერიოდში კვება ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან ბავშვების 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში სწორედ მატერიალური სიდუხჭირის გამო.
ანალიზის შედეგად, ბავშვის კეთილდღეობის ყველა ასპექტისთვის გამოვლინდა განსხვავება სოფლად და ქალაქში მცხოვრებ ბავშვებს შორისაც. კვლევა 2022 წლის ივლის-სექტემბერში ჩატარდა და მისი მიზანი ბავშვთა კეთილდღეობის რამდენიმე ასპექტს მოიცავდა. ეს არის განათლება, ჯანდაცვა, სასკოლო კვება და ა.შ.