სუდანში, კონფლიქტის ზონაში მყოფი ქართველები ქვეყნის დატოვებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. შეტაკებების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები ხუთი დღეა ვითარების სტაბილიზაციას უშედეგოდ ელოდებიან.
ხართუმში 2 ავიაკომპანიის 33 ქართველი წარმომადგენელი უსაფრთხო ტერიტორიაზე იმყოფება, თუმცა, მათ ელექტროენერგია და საკვები შეზღუდული რაოდენობით მიეწოდებათ. ავიაკომპანიების წარმომადგენლებს საერთაშორისო პარტნიორებთან ყოველდღიურად აქვთ კავშირი, რათა საქართველოს მოქალაქეები კონფლიქტის ზონიდან გამოიყვანონ.
"გუშინ საღამოს შემცირდა ოდნავ სროლისა და აფეთქებების ხმა. ჩვენი თანამშრომლები იმყოფებიან ისევ თავიანთ საცხოვრებელ ადგილას. მთავარია აქვთ წყალი და საკვები. 24 საათი ელექტროენერგია ჩართული არ აქვთ, იქიდან გამომდინარე, რომ ცოტა რთულია დიზელის მოპოვება. მოლოდინის რეჟიმში ვართ, როდის მოხდება მხარეების მიერ შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე", - განაცხადა "ჯეო სქაის" ვიცე-პრეზიდენტმა, შალვა კიკნაძემ.
არეულობა ქვეყანაში, რამდენიმეთვიანი დაძაბულობის შემდეგ, 15 აპრილს დაიწყო. ერთი კვირა ხდება, რაც სუდანის მოსახლეობა ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფებას შორის შეიარაღებული დაპირისპირების პირობებში ცხოვრობს. ქვეყანაში პროდუქტის, სასმელი წყლისა და ელექტრომომარაგების კრიზისი დაიწყო. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან დღემდე, სულ მცირე, 270 ადამიანია დაღუპული, 2 600-ზე მეტი კი დაშავდა. დაპირისპირების მიზეზი ქვეყნის სამოქალაქო მმართველობასთან დაკავშირებით შეუთანხმებლობაა. ქვეყნის არმია და იქ მოქმედი გასამხედროებული დაჯგუფება ვერ თანხმდებიან, თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა სამოქალაქო მმართველობაზე.