უნგრეთის მთავრობის მიერ განსაზღვრული დეფიციტური პროფესიების მქონე საქართველოს მოქალაქეები უნგრეთში დასაქმების შესაძლებლობას მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების განმარტებით, უნგრეთის მთავრობამ საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომელთა მოქალაქეებსაც შესაძლებლობა ექნებათ დროის განსაზღვრული პერიოდით გამარტივებული წესით მიიღონ უნგრეთში სამუშაო ნებართვა. ამის შესახებ საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომელიც ბუდაპეშტში ილია დარჩიაშვილის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გამარტივებული მექანიზმის დანერგვა უნგრეთის ყველაზე მოთხოვნად სექტორებში ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა.
"მოხარული ვარ, რომ უნგრეთში, საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში პირველ ვიზიტით ვიმყოფები და მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგას გულთბილი მასპინძლობისთვის.
დღევანდელმა შეხვედრამ მოგვცა შესანიშნავი შესაძლებლობა ნაყოფიერი დიალოგის გასაგრძელებლად და კიდევ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროს განხილვისათვის.
მოხარული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გამარტივებული მექანიზმის დანერგვა უნგრეთის ყველაზე მოთხოვნად სექტორებში არის ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა. მადლობას ვუხდი უნგრელ პარტნიორებს მზადყოფნისთვის, რომ საქართველო შევიდეს იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც სარგებლობენ გამარტივებული პროცედურით. ეს ჟესტი ჩვენი ქვეყნისადმი უნგრეთის ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი მაჩვენებელია. ვიმედოვნებ, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უახლოეს მომავალში დასრულდება.
ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ეკონომიკურ განზომილებაზე და მივესალმებით ორმხრივი ვაჭრობის სტაბილურ ზრდას. მიუხედავად დადებითი ტენდენციისა, ჩემს კოლეგასთან ერთად ვიზიარებთ ხედვას, რომ ჩვენ გვჭირდება სავაჭრო ბრუნვის კიდევ უფრო გაზრდა. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მომავალი სხდომა განიხილავს ეკონომიკური ურთიერთქმედების გაღრმავების პერსპექტივებს.
ჩვენ ასევე უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ტურიზმის ხელშეწყობას და მივესალმებით ქუთაისის აეროპორტიდან კომპანია ვიზეარის მიერ ფრენების ზრდას.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ განათლების სფეროში თანამშრომლობა წარმატების ნამდვილი მაგალითია. ჩვენ უაღრესად ვაფასებთ უნგრეთის მიერ ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენდიების გამოყოფას და მოუთმენლად ველით ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას.
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენი საუბრის ერთ-ერთ ძირითად საკითხს წარმოადგენდა.
საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული ფაქტია, რომლითაც ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველო ევროპული სახელმწიფოა და ის ევროკავშირის წევრი გახდება. ეს არის წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესის, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის დღეს არსებული მაღალი დონის ინტეგრაციის აღიარება",- აღნიშნავს მინისტრი.
როგორც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო განმარტავს, უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველო შევიდა იმ ქვეყნების სიაში, საიდანაც მოქალაქეებს შეეძლებათ გარკვეულ პროფესიებით, განსაზღვრული დროით ჩამოსვლა უნგრეთში და დასაქმება.
"ასევე მოხარულო ვარ, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის იზრდება სავაჭრო ბრუნვა და მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი გაორმაგებულია. ძალიან ვაფასებთ საქართველოს პოზიციას მშვიდობისაკენ სწრაფვის გამო და ძალიან ვაფასებთ საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და აქვე უნდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ ბრიუსელში არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მცდარი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, როდესაც საქართველომ არ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
ჩემი მოსაზრებით, საქართველოსთვის უნდა მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი, მე ვფიქრობ, რომ საქართველომ და საქართველოს მოსახლეობამ დაიმსახურა ეს სტატუსი და გადაწყვეტილება საქართველოსათვის ამ სტატუსის არ მინიჭების შესახებ, ეწინააღმდეგება არა მარტო უნგრეთის, არამედ მთლიანად ევროკავშირის ინტერესებს და ევროკავშირის გაძლიერების მცდელობას. ეს გადაწყვეტილება ქართველი ერის მიმართ უპატივცემულობას და შესაძლებლობის გაფლანგვას წარმოადგენს",- აღნიშნავს მინისტრი.