საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა მიესალმება "ქართული ოცნების" განცხადებას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევის შესახებ და მოუწოდებს საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები 12 პრიორიტეტის შესაბამისად საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღწევის მიზნით. ამის შესახებ დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"მივესალმებით მმართველი პარტიის განცხადებას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევის შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები 12 პრიორიტეტის შესაბამისად საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღწევის მიზნით", - აღნიშნულია განცხადებაში.
"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს, "ხალხის ძალისა" და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი გაწვეულია "უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე".