ჩვენ ვიცით, რა არის ჩვენი მიზანი და რა არის ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენი მიზანია კანდიდატის სტატუსის მიღება დეკემბერში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის საქართველოში ვიზიტის წინ გავრცელებულ განცხადებას.
კობახიძის თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან იქმნება დაბრკოლებები.
"მე არ ვიცი რა არის ამ განცხადების კონტექსტი, აქედან გამომდინარე, კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ჩვენ ვიცით, რა არის ჩვენი მიზანი და რა არის ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენი მიზანია კანდიდატის სტატუსის მიღება, დეკემბერში და ჩვენი დღის წესრიგია 12 რეკომენდაციის შესრულება. რაც შეეხება დაბრკოლებებს ამ გზაზე - დაბრკოლებები იქმნება ერთადერთი მხრიდან, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც საერთოდ არ არის ჩართული შესაბამისი რეფორმების განხორციელებაში", - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა საქართველოში ვიზიტამდე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ის გეგმავს ხელისუფლებას ესაუბროს, თუ რა ნაბიჯებს დგამს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
"გასული კვირების განმავლობაში ისინი თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშას აფრიალებდნენ, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს მინდა გარკვევით განვაცხადო, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ვხედავთ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს, რომელ კურსსაც ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა იცავს. ჩვენ ვხედავთ ზეწოლას, რომელსაც ქვეყანა აწყდება შიგნიდან და გარედან.
"დემოკრატიული სტანდარტების პატივისცემის გარდა, ეს განსაკუთრებით ეხება მედიის თავისუფლებას, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შენარჩუნებას და თავაზიან საჯარო დებატებს - მაშინაც კი, თუ მოსაზრებები ზოგჯერ შორს არის ერთმანეთისგან", - წერს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.