ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საქართველოსაც უნდა მიეღო, მაგრამ ის, რაც საბოლოოდ მოხდა, აუხსნელი, გაუგებარი და ევროპისთვის საზიანოა, - ამის შესახებ Facebook-ზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო წერს.
მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი საქართველოც უნდა გამხდარიყო.
"ჩვენ უნგრეთში კარგად ვიცით ბრიუსელის ორმაგი სტანდარტების შესახებ, რომლებიც ახლა, სამწუხაროდ, საკუთარ თავზე ჩვენმა ქართველმა მეგობრებმა იწვნიეს. უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, გუშინ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საქართველოსაც უნდა მიეღო, მაგრამ ის რაც საბოლოოდ მოხდა, აუხსნელი, გაუგებარი და ევროპისთვის საზიანოა. ევროკავშირს რომ ცოტაოდენ სტრატეგიული ხედვა ჰქონოდა, თქვენ ამ შანსს მიიღებდით. ამის ნაცვლად - მორიგი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, რაც ასევე ქართველი ხალხისადმი უპატივცემულობაა", - წერს პიტერ სიიარტო.